განათლების სამინისტროს მიერ გადაღებულ კადრებში, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსის 51-ე სკოლაში ვიზიტია აღბეჭდილი და რომელიც უწყებამ საგანგებოდ გაავრცელა, ჩანს რუსული წარწერა -"жизнь ворам", ანუ "სიცოცხლე ქურდებს". ზუსტად იმ კადრში, რომელშიც ქვეყნის მთავარი მანდატური მასწავლებელს ესალმება, მათ გვერდით, დაფაზე ჩანს დიდი ასოებით ცარცით შესრულებული ეს წარწერა.
განათლების სამინისტრო პრესრელიზში წერს, რომ გელა გელაძე ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და ადგილზე ეცნობოდა იმ ღონისძიებებს, რომლებიც უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად ტარდება. ინციდენტზე კომენტარი უწყებას აღარ გაუკეთებია.