19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
27 წლიანი მისიის დასასრული - ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

თითქმის ერთი წლის შემდეგ, დღეს ავღანეთიდან სამშობლოში მაიორი, ზაზა კომლაძე ოჯახში დაუგეგმავად მივიდა. მაიორის შვილებს ოცნება, რომ ის სახლში დროულად და მშვიდობით დაბრუნებულიყო, თვეების შემდეგ მოულოდნელად აუხდათ.

მაიორი ერთ-ერთი პირველი სამხედროა, რომელმაც ავღანეთი სამუდამოდ დატოვა. ზაზა კომლაძე მტკიცე მხარდაჭერის მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა "მარმალზე" ასრულებდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი სწორედ ახლა დაიწყო. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. წლების განმავლობაში ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა მაზარ-ი-შარიფში სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იყო.

მას შემდეგ, რაც პირველი ასეული სამშობლოში დაბრუნდა, დახვედრის საზეიმო ცერემონიალი სამხედროებს ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე მოუწყვეს. ცერემონიაზე გაიხსენეს სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება მშვიდობისმყოფელების დაჯილდოებით გაგრძელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის 11 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური მედლები გადაეცათ.

"თქვენ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადეთ და ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში გერმანიის ფედერაციის ელჩმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებსჰუბერტ ქნირშმა ვაზიანის ბაზაზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს ქართულ ენაზეც მიესალმა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში, ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ბოლო ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკიდან სექტემბერში დაბრუნდება.

მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება NATO-მ მიიღო. ბაგრამში, მაზარ-ი-შარიფსა და ქაბულში მყოფი მსოფლიოს 9 600 სამხედრო ქვეყანას ეტაპობრივად, 11 სექტემბრამდე დატოვებს და ამით ავღანეთში 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ორი სამშვიდობო მისია დასრულდება, რომელიც თავდაპირველად ბინ ლადენისა და მისი ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

დღის ამბები