09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
საბერძნეთი დეფოლტის ზღვარზე - ევროკავშირი კომპრომისისთვის მზად არის

ევროკავშირი მზად არის კომპრომისისთვის, თუმცა რა იგულისხმება ამ გზავნილში ევროპელი ლიდერები არ აკონკრეტებენ. საბერძნეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დათანხმდება თუ არა მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს. ათენთან ერთად ბრიუსელიც ბერძნული რეფერენდუმის ვერდიქტის მოლოდინშია.

ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ და გამოსავალს კომპრომისში ხედავენ.

„ევროპა არსებობს, რადგან შეუძლია კომპრომისზე წასვლა. თუ ვინმეს შეუძლია ამის დადასტურება გერმანიის ფინანსთა მინისტრია, რომელიც საათობით და თვეობით მუშაობდა კომპრომისის მოსაძებნად. თუ ჩვენ დავკარგავთ კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას, დავკარგავთ ევროპასაც. მას დღეს ბევრად უკეთ შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ კრიზისს, რომელსაც საბერძნეთში ვხედავთ. ერთობლივი ძალებით ჩვენ ბევრი პრობლემა მოგვიგვარებია,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა  ანგელა მერკელმა.

მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტიც.

„რამდენიმე საათია დარჩენილი მოლაპარაკებების ვადის ამოწურვამდე. კერძოდ, საბერძნეთის დახმარების პროგრამის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. დიდი სურვილი მაქვს, თუ ბერძენი ხალხი და მათი მთავრობა გადაწყვეტს, მოლაპარაკებები განახლდეს, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. საფრანგეთი მზადაა და ყოველთვის მზად იყო დიალოგის განახლებისთვის. ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესაც და მზად ვიქნებით ხვალაც. დღეს შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ხვალ ეს დამოკიდებული იქნება როგორ პასუხს გასცემენ ისინი რეფერენდუმის შეკითხვას,“ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები