21 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის აღმოფხვრა და დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა - მმართველი პარტია მომდევნო 4 წლის პრიორიტეტებს ასახელებს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა - მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა ამ ორი მთავარი ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული - ამბობს პრემიერ-მინისტრი და განმარტავს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრება.

მთავრობას ოპტიმისტური განწყობა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც, რასაც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებს. საგარეო პოლიტიკის ნაწილში უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ამოცანად დასახელდა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროინტეგრაცია, "ნატოსთან" თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობის უფრო მეტად განვითარება და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული პრიორიტეტების შესრულებას სკეპტიკურად უყურებენ თუმცა, ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც და სიღარიბის დაძლევაც საზოგადოების დაკვეთაა.

ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ მთავარი ფაქტორი, რაც ეროვნული მიზნების შესრულება განაპირობებს, მშვიდობაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მშვიდობის შენარჩუნების გარეშე შეუძლებელი იქნება საუბარი ნებისმიერი პროექტისა თუ ამოცანის განხორციელებაზე.

ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე - ასე აფასებს მმართველი პარტია 2012-იდან 2024 წლამდე განვლილ პერიოდს. "ქართული ოცნების" განაცხადი შემდგომი 4 წლის განმავლობაში არაპოლარიზებული დემოკრატიის მიღწევაა.

დღის ამბები