სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: "ალფა-პვპ“, „ მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.