20 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ამ წუთებში ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. საუბარია 7 პირზე, რომელთაც ძალადობას ედავებიან. მათ შორის არიან მოჭიდავეები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. დაკავებულების ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს, ჩვენ ვთავაზობთ სასამართლოს, პატიმრობას 5 000 ლარიანი გირაოთი შეიცვალოს,"- აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ ამბობს, რომ ელდარ ანთიძე განსაკუთრებით უკანონო პატიმარია. 

"როგორც დანარჩენი 6 პირი, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ელდარ ანთაძე არის განსაკუთრებით უკანონო პატიმარი და მის მიმართ აუცილებლად უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი ასეთ საქმეებზე გადის და არა სტატისტიკაზე. როცა დაზარალებულები თავდაპირველად გამოიკითხნე, კონფლიქტში მონაწილედ ელდარ ანთაძე საერთოდ არ დაუსახელებიათ,"- აცხადებს ელდარ ანთიძის უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში გუმათჰესის დასახლებაში აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს 3 პირს, აქედან ერთის მანქანა დააზიანეს. 

დღის ამბები