ნინოწმინდის პანსიონში პროკურატურაში სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული. უცნობია კონკრეტულად რა პერიოდზეა საუბარი და რა მოხდა ჩაკეტილი გალავნის მიღმა. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გამოძიება გაუპატიურების გარდა, ძალადობის სამ საქმეზეც მიმდინარეობს. სავარაუდო დანაშაული ჩადენილია 2016, 2019 და 2020 წელს.
უკვე თვეებია "კურიერი" მოითხოვს საპატრიარქოს ქვეშ არსებულ დახურულ პანსიონში შესვლის უფლებას, თუმცა კარი დაკეტილია მედიისთვის, ომბუდსმენისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის. თავისუფლად მხოლოდ სასულიერო პირები შედიან.
ბერ-მონაზონი ანდრია სარიას თქმით, ბრალის დამტკიცების შეთხვევაში სასულიერო პირები უნდა დაისაჯონ როგორც რჯულის კანონით, ასევე მათ პასუხი უნდა აგონ სამართლის წინაშე.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებას კატეგორიულად გამორიცხავს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. სინოდის წევრმა სახალხო დამცველის აპარატის მუშაობაც დაიწუნა.
სასულიერო პირების მონათხრობიდან გაირკვა, რომ პანსიონში ბევრად მეტი ბავშვია, ვიდრე სახალხო დამცველის ანგარიშებშია ასახული. აღსაზრდელთა რიცხვი 2015 წლის შედეგ 57-დან 150-მდეა გაზრდილი.