19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
დახარჯული მილიონობით ლარი და შეუსრულებელი პირობები - ვინ დგას ფოთის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის კორუფციული ტენდერების უკან

მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციოდ პირველი ტენდერი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცხადდა. ფოთის სანაპირო ზოლის ისტორიული, საკურორტო ნაწილის მოსაწყობად ბიუჯეტიდან უკვე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დღემდე უფუნქციოა.

ბოლო 2 მილიონიანი ტენდერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2020 წელს გამოაცხადა. თებერვალში სანაპიროს კეთილმოწყობისთვის მერიამ "ზმ ჯგუფი" დაიქირავა. კონტრაქტორს ერთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულად თითქმის განადგურებულ სანაპიროზე, ღია სპორტული კომპლექსი, საჩოგბურთო კორტები, ფეხბურთის მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი უნდა მოეწყო. პროექტი წელს 31 იანვარს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ შესრულებულა.

შპს "ზმ ჯგუფი", რომელმაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო, ოფიციალურად ბაღდადის რაიონის სოფელ დიმში კომპანიის მეპატრონის საცხოვრებელ სახლშია რეგისტრირებული. ზაზა მაღლაკელიძე დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სახლში არ დახვდა, თუმცა სატელეფონო საუბარში სატენდერო პირობა შესრულებულად გამოაცხადა.

ადგილობრივი ოპოზიცია ფოთის სანაპირო ზოლის მრავალწლიან რეაბილიტაციის მცდელობას მიზანმიმართული კორუფციული სქემის ნაწილს უწოდებს. ოპონენტები საქმეზე ფართომასშტაბიანი გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

სანაპირო ზოლის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა ფოთის მერიაში დღეს არ ისურვეს. სატელევიზიო კომენტარზე მოუცლელობის გამო უარი თქვა საკრებულოს თავმჯდომარემაც. ბექა ვაჭარაძემ "კურიერს" უთხრა, რომ ბოლო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა, თუმცა დეტალების გასარკვევად მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგვამისამართა.

დღის ამბები