07 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
რატომ არ დადგა სავარაუდო ძალადობის ფაქტების შეტყობინების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ლიცენზირების საკითხი - მერი მაღლაფერიძის განმარტება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში 2019 წელს ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის შესახებ 4 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყების დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, შეტყობინება არასრულწლოვნების მიერ იყო გამოგზავნილი. მისი განმარტებით, უწყებამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა და 4-დან 2 შეტყობინების შესახებ შს სამინისტროს აცნობეს.

დადგა თუ არა დაწესებულების ლიცენზირების საკითხი?! - მერი მაღლაფერიძის თქმით, როდესაც სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზეა საუბარი, იკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და არა დაწესებულების.

"2019 წელს ლიცენზირების საკითხი არ დამდგარა. ეს იყო კონკრეტული, ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია რაღაცა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც არამხოლოდ შეტყობინება გავაკეთეთ, არამედ იმ ბავშვებს, რომლებმაც შეტყობინება მოგვაწოდეს გავუწიეთ ყველა ის სერვისი, რომელიც იმ წუთას ჩვენს ხელთ იყო.

საქმე მდგომარეობს შემდგომში, როდესაც შეტყობინება ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილი შესაძლოა ჰქონოდა ძალადობას და ამ შემთხვევაში არასრულწლოვანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საბაბი და (ნამდვილად დაიყო გამოძიება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია) და შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს ამასთან დაკავშირებით მიღებული. ეს შეიძლება დადგეს კონკრეტულად რომელიმე ადამიანის მიმართ და არა მთელი დაწესებულების. იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ, დანაშაულს ჰქონდა თუ არა ადგილი და ეს დავაკავშიროთ ლიცენზირების შემთხვევასთან, ამისთვის აუცილებელია, რომ გამოვკვეთოთ - ეს იყო დაწესებულება თუ ადამიანი. მე, როდესაც ვსაუბრობ სავარაუდო დანაშაულის ფაქტების შეტყობინებაზე, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს და ლიცენზიაზე როგორ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, როცა დანაშაულზე გელაპარაკებით, რომელიც კონკრეტული პირების მიერ და არა დაწესებულების მიერ იყოს ჩადენილი. შევეცადე განმემარტა, რა კავშირია - ლიცენზიასა და პოლიციისათვის მიმართვას შორის.

ძალადობაზე იყო საუბარი 2 აღსაზრდელის მხრიდან. ეს იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბარი," - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები