რა ელის ნინოწმინდის პანსიონს - გარდაიქმნება, თუ არა სააღმზრდელო დაწესებულება საოჯახო ტიპის სახლად? ამ მიმართულებით შეხვედრები პანსიონში დღესაც გაგრძელდება. საუბრის მთავარი თემა იქნება ბავშვთა გაყვანის პროცესიც.
სპეციალური კომისიის წარმომადგენლები ჯერჯერობით ადგილზე არ გამოჩენილან, თუმცა ბავშვთა გაყვანის პროცესი პანსიონატიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ადგილზე დილით აღსაზრდელების ნათესავები მოვიდნენ, რომლებიც აპირებენ, რომ დღეს პანსიონიდან 3 ბავშვი გაიყვანონ.
როგორც ბენეფიციარების ნათესავები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, მათ საკუთარი შვილები ყოველი წლის ზაფხულის დასაწყისში გაჰყავთ ოჯახებში და ეს პროცესი რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს პანსიონში არ უკავშირდება.
"სამი მიგვყავს ჩვენ, და-ძმანი არიან. არ ვიცი რამდენი ხანი არიან პანსიონში, დედა ავად ჰყავთ, ფსიქიატრიულშია. პანსიონიდან გაყვანის შემდეგ, ოჯახი, რასაც გადაწყვეტს, მათი დეიდა, იქ დარჩებიან," – აცხადებს მათი ნათესავი.
პანსიონატში ამჟამად 27 არასრულწლოვნი რჩება. უკვე გაყვანილი ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა, ნაწილი კი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.