თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება. მისივე თქმით, ამ პროცესით გამოწვეული რისკი დღეისათვის აღარ არსებობს.
"პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორ თვე ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.