09 სექტემბერი 2026,   02:57
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე რეფორმების შედეგები შეაჯამა - ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად კორუფციის აღმოფხვრა დასახელდა

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას განსაზღვრავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრაა.

ეკონომიკურმა სტაბილურობამ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა მისცა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 56.4 პროცენტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მხოლოდ წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ დოლარით გაიზარდა.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაც რეზერვების დაგროვებასა და აქტივების ეფექტურ მართვას გულისხმობს. როდესაც ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური ტენდენციებია, ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებს. ბოლო ორ წელიწადში, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა.

ეფექტიანი მუშაობისთვის ეროვნულ ბანკს მადლობა პრემიერ-მინისტრმა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აქცენტი რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს, ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები