06 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
პრატასევიჩის სკანდალი - ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. მომავალი კვირიდან ე.წ. შავ სიაში საავიაციო სექტორის წარმომადგენლები მოხვდებიან. პარალელურად დაკავებული ჟურნალისტის მეგობარი გოგონას მამა, ლუკაშენკოს შვილის შეწყალებას სთხოვს. "ეს ნამდვილად სიყვარულის ისტორიაა და არა - რწმენის საკითხი,"- ამბობს მამა, რომელიც რეჟიმის ლიდერისგან გულმოწყალებას ელოდება.

23 მაისს ავიაკომპანია "რაინეარის" თვითმფრინავით მგზავრობისას დაკავებული რომან პრატასევიჩი და სოფია საპეგა კვლავ პატიმრობაში რჩებიან, ბელარუსის ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და აცხადებენ, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. დაკავებულების მშობლებს მათი შვილების აღიარებითი ჩვენების არ სჯერათ და სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.

ბელარუსში მიმდინარეობს კრიტიკული აზრის მქონე ინდივიდებისა და ერთობების დევნა - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ ბოლო დროინდელ ვითარებას, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია, ოპოზიციონერი, პრატასევიჩის გამოძიებასთან თანამშრომლობას და აღიარებითი ჩვენების მიცემას, მასზე განხორციელებული ზეწოლით ხსნის.

ალექსანდრ ლუკაშენკო, მისი ვაჟი და კიდევ ბელარუსის ხელისუფლების 86 მაღალჩინოსანი დასავლეთის "შავ სიაშია". ევროპა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ოფიციალური მინსკი კი პოზიციებს არ თმობს, ბელარუსის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ რუსეთი, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე "ლუკაშენკოს ბელარუსს" დაიცავს.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები