ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე მომხდარ სავარაუდო დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს.
"დიმიტრი დევდარიანმა წინა სასამართლო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე დაიწყება პროცედურული საკითხების განსაზღვრა ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად, მათ შორის, კითხვარების განსაზღვრა და დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეებთან შეთანხმებით, კითხვარების განსაზღვრის თაობაზე," - განაცხადა დევდარიანის ადვოკატმა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს, გიორგი ბიჩელაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, მისი საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.