საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ახლად გახსნილ ფილიალს - ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი ეწვია.
2011 წელს 25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებებით, ყოველწლიურად აღნიშნავს.
ევროკავშირი და უშუალოდ კარლ ჰარცელი საქართველოს საზღვაო სექტორის მჭიდრო პარტნიორია.
ელჩმა ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში დაათვალიერა არსებული 13 ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით; შეხვდა მომავალ მეზღვაურებს - აკადემიის კადეტებს, დაესწრო ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას და ქართული საზღვაო განათლების ისტორიის შესახებ შექმნილი ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაციას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, კარლ ჰარცელს სიმბოლურად მეზღვაურის წიგნაკი გადასცა.