04 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
"ყბების ჩამკეტი" წონაში კლებისთვის - მოწყობილობის გამოჩენას ინტერნეტში კრიტიკა მოჰყვა

მკვლევარები, რომლებმაც შექმნეს "მსოფლიოში პირველი მოწყობილობა წონაში კლებისთვის", კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვივნენ, ამის შესახებ The Vice წერს. 

მოწყობილობა, რომელსაც The DentalSlim Diet Control ჰქვია, ახალ ზელანდიაში, ოტაგოს უნივერსიტეტში შექმნეს. ეს არის მაგნიტური მოწყობილობა, რომელიც პაციენტის ქვედა და ზედა კბილებს შორის მაგრდება და ყბებს "კეტავს", რის შედეგადაც ადამიანებს პირის ნორმალურად გაღების საშუალებას არ აძლევს, თუმცა შეუძლიათ სითხეების და არამყარი საკვების მიღება. 

"ამ მოწყობლობის მომხმარებელს საშუალება აქვს პირი, დაახლოებით, 2 მილიმეტრით გააღოს, მათ შეუძლიათ საუბარი, თუმცა საკვების მიღებას ვერ შეძლებენ," - ნათქვამია ოტაგოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეებმა 2 კვირაში 6 კგ-ზე მეტი დაიკლეს და მოტივირებულები არიან, კვლავ გააგრძელონ წონაში კლების პროცესი. 

მოწყობილობის გამოჩენას მსოფლიოს მასშტაბით უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. "ტვიტერზე" წერენ, რომ "ჩამკეტი" არის შეურაცხმყოფელი და საზარელი. ბევრი იმასაც უსვამს ხაზს, რომ სიმსუქნე ხშირად კომპლექსური მიზეზებით არის გამოწვეული და შეუძლებელია პრობლემის გადაჭრა, თუ ადამიანს, უბრალოდ, პირის გაღების საშუალებას არ მისცემენ. 

მათ საპასუხოდ ოტაგოს უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მოწყობილობა არ გამოიგონეს სწრაფი, ან ხანგრძლივი დროით წონაში კლების პროცესისთვის, "არამედ ეს შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს, ვისაც ოპერაციის გაკეთება სჭირდებათ და ვერ იკეთებენ წონის გამო, დავეხმაროთ. 2 ან 3 კვირის შემდეგ მათ შეუძლიათ მოწყობილობის მოხსნა," - აცხადებენ უნივერსიტეტში. 

დღის ამბები