ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია. "კურიერის" ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში რჩება.
დღეს თავდასხმა "რუსთავი 2-ის" რამდენიმე გადამღებ ჯგუფზე მოხდა - მარიამ ქუმსიაშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა, თამარ თათარაშვილი, შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკა ურუშაძე უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ. დამტვრეულია "რუსთავი 2-ის" ტექნიკა, დაზიანებულია კამერები, მიკროფონები, პირდაპირი ჩართვის გადამცემი აპარატები.
საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია და გარკვეული პერიოდულობით მედიის წარმომადგენლებს პოლიციის განყოფილებაში იბარებენ. "ტვ პირველის" ოპერატორმა პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, ამ წუთებში კი დაკითხვაზე "ფორმულას" ჟურნალისტი იმყოფება.
მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად, ან რა პირობებში დაუზიანეს მათ სატელევიზიო ტექნიკა.
"სანამ ჩხუბზე გადმოვიდოდნენ და ხელს დამარტყამდნენ, მანამდე ქვების და ბოთლის სროლა დაიწყეს. პირველი ქვა კამერას მოხვდა. მოვარდნენ და დამიწყეს ჩხუბი, რის შედეგადაც წამაქციეს და შედგნენ პირდაპირ ფეხებით, ქუსლებით, რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი მირტყეს: ფეხი, ხელი, თავი, მიკბინეს კიდევაც. ერთი მამაო იყო, რომელიც გადამეფარა და მიცავდა," - განაცხადა "ტვ პირველის" ოპერატორმა ლევან ბრეგვაძემ.
ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება "პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც ყბა-სახის ძვლები აქვს დამტვრეული. სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობს ჩვენი არაერთი კოლეგა.
"მოვიდნენ ეს ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რასაკვირველია მათთვის არ მითქვამს არაფერი და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ასე უეცრად, ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ჰყავს ჩემს ოპერატორს გადაღებული, უკანა მხრიდან მოვიდა, ხელი გადამიგრიხა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვთქვათ "მათრია". ჩემთან ერთად პალატაში არის "პალიტრანიუსის" ოპერატორი, რომელიც არის სასტიკად ნაცემი, სულ სისხლიანი არის," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ.
ექიმის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ერთ-ერთს კი თავის ტრავმა აღენიშნებოდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება და მას ამ წუთებში ქირურგიული ჩარევა უტარდება. 3 პაციენტი კი, ჯერჯერობით, კვლევის სტადიაში იმყოფება.
"ფორმულას" ჟურნალისტს რატი წვერავას კი, მისი ექიმის განცხადებით, თავის, ცხვირისა და კისრის არეში და ასევე, სხეულის მიდამოში მრავლობითი სისხლნაჟღენთები აღენიშნება. მას საჭირო კვლევები ჩაუტარდა და ამ ეტაპისთვის, მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება.
შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, ეს არის ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.