"ტაში ბიჭო გიორგუნა" კრიხულას სანაპიროდან - ამბროლაურში "ფუძეობა 2026" ტრადიციული ჰანგებით გაიხსნა, თუმცა რაჭული მუსიკა სახალხო დღესასწაულის მხოლოდ ერთი ნაწილია. ქალაქის ცენტრში ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო გამოიფინა. დღესასწაულმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ფუძეზე დაბრუნება წარსულთან შეხვედრასთან ერთად, მომავლის შენებაცაა. "ფუძეობამ" ერთ სივრცეში მთელი რეგიონი გააერთიანა.
სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება რაჭულმა გემოებმა მიიპყრო. ღონისძიების სივრცეში ადგილობრივმა მეწარმეებმა რაჭული ლორის პავილიონი მოაწყვეს. სტუმრებს ჯანსაღი პროდუქციის შეძენა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
"ფუძეობა 2026-ის" ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია, რომელიც ღონისძიებას განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა. მათ დღესასწაულის პატარა სტუმრებს საბავშვო სივრცეში უმასპინძლეს.
სახალხო დღესასწაულს შეუერთდა საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსა და სხვადასხვა სფეროში დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოებას დაესწრო.
ფუძეობა" პირველად 1988 წელს აღინიშნა, 2015 წელს კი, ტრადიცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით აღდგა. "დაუბრუნდი შენს ფუძეს" - წლევანდელი დღესასწაულის მთავარი გზავნილია, რომელიც საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენასა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას გულისხმობს. ღონისძიება ჯგუფი "ურსას" კონცერტით დასრულდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.