რეკორდული პრიზი, ახალი ფორმატი, ამერიკული ჩოგბურთის დიდი მოლოდინი და ლეგენდარული ჩოგბურთელის დაბრუნება. რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი US Open-ის კორტებზე დაბრუნდა. "როჯერ ფედერერი: ლეგენდის დაბრუნება ნიუ იორკში" - Fan Week-ის ფარგლებში დაგეგმილი საგამოფენო ღონისძიება ნოსტალგიური აღმოჩნდა. არტურ ეშის სტადიონზე, საღამოს განათებების ქვეშ სპეციალურად მომზადებული ვიდეო აჩვენეს, რომელიც ფედერერის კარიერასა და US Open-თან მის ისტორიას იხსენებდა. ლეგენდის დაბრუნებას მაყურებელი ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა.
ასაკის მიუხედავად ლეგენდა დაუმარცხებელია. ფედერერმა ერთეულთა თანრიგში ჯერ თავისი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, 44 წლის ენდი როდიკი დაამარცხა, შემდეგ კი მას და ანდრე აგასის, ჯონ მაკინროისთან ერთად, წყვილთა თანრიგში მოუგო. 20 დიდი სლემის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ნიუ იორკში 2019 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი - აშშ-ის ღია პირველობის ფავორიტები უკვე ცნობილია.
ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი წელს რეკორდულ 108 მილიონ დოლარს შეადგენს რაც ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდია. მამაკაცთა და ქალთა თანრიგის ჩემპიონები 5.5 მილიონ დოლარს მიიღებენ. მეორე ადგილზე გასულები 2.8 დოლარი ერგებათ, ტურნირის ძირითად ბადეში გასვლისთვის კი, თითოეული ჩოგბურთელი 190 000 დოლარს მიიღებს.
ჩოგბურთში წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ბრძოლას ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე აგრძელებენ.
ამ წუთებში ქართველი ჩოგბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ასპარეზობენ. მარიამ ბოლქვაძე ჰოლანდიელ ანუკ კოვერმანდ უპირისპირდება, ეკატერინე გორგოძე კი, ჩეხ გაბრიელა კნუტსონს ხვდება.