29 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
გამოძიება უნდა დაინტერესდეს პოლიციელების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურეობრივ გულგრილობას - ადვოკატი ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე

მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში გრძელდება - ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა, დეტალურად აღწერეს მათზე თავდასხმის ფაქტები. დაზარალებულებმა სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია, რა ვითარებაში მოხდა მათზე თავდასხმა.

გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 50-ზე მეტი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი დაშავდა. აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტი გუგა მაისურაძე ამბობს, რომ დაშავებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მათ ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარეს.

"იმ უწყებას, რომელსაც თქვენ მადლობას უხდით, ამ დროისთვის მარტო 3 ადამიანი ჰყავს დაკავებული და მადლობის მაგივრად უნდა მოვუწოდოთ, რომ დააკავოს ყველა ის მოძალადე, რომელმაც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა," - აცხადებს გუგა მაისურაძე.

უფლებადამცველი ბექა თაკალაძის განცხადებით, გუშინ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ადვოკატი მიიჩნევს, გამოძიება იმ მიმართულებითაც უნდა წარიმართოს, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს ადგილი, ასევე რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა სახელმწიფოს იმისთვის, რომ ასეთი მძიმე შედეგები არ დამდგარიყო.

"გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე, ძალადობის განხორციელების ფაქტებზე, ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მოვედით გამოკითხვაზე იმისთვის, რომ სრულყოფილად მივაწოდოთ გამოძიებას ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსი არ გვაქვს.

ვფიქრობ, რომ გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს პოლიციელების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს, მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებებს მათდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

გამოძიება უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც თუ რა ღონისძიებები უნდა გაეტარა სახელმწიფოს იმისთვის, რომ ასეთი მძიმე შედეგები არ დამდგარიყო," - განაცხადა უფლებადამცველმა ბექა თაკალაძემ.

დღის ამბები