"რუსთავის 2" ოპერატორს ზურა მანაგაძეს და სხვა მედიასაშუალებების 17 წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
გუშინდფელი ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.
"მარცხენა მხრიდან გაურკვეველი პირი, ვიღაც უცბად გამოხტა, დამარტყა და დამაგდო. ეს კადრში არის აღნიშნული. ფიზიკურად არ დამინახავს ის იმიტომ, რომ გვერდიდან მომეპარასავით და დამარტყა. რომ დავეცი განვაგრძე ჩვეულებრივ გადაღება, უბრალოდ ის პიროვნება გაქრა, იქ ვეღარ ვნახე. კადრშიც აღქმადია, რომ ვეცემი მაგ მომენტში ჩანს," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ოპერატორმა ზურა მანაგაძემ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე ამბობს, რომ კადრების დათვალიერების შედეგად იცის როგორ გამოიყურება ის პიროვნება, რომელიც მას თავს დაესხა და ხელი მოტეხა. ჟურნალისტის თქმით, მას ამ პირის იდენტიფიცირება შეუძლია.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის დეა მამისეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები და ოპერატორები მედიამენეჯერებმა დაიცვეს და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სახელმწიფომ.
"მე მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი ჩამარტყეს წიხლი, სხეულზე მაქვს დაზიანებები, სილურჯეები," - განაცხადა ჟურნალისტმა.
თბილისის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტოგრაფების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცავების კითხვები შეეხება იმას თუ რა ვითარებაში მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ძალადობა და რა პირობებში დაუზიანეს მათ ტექნიკა.
დაკავებულია 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.
რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.