თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 5-6 ივლისს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ძალადობის კონტექსტში, კახა კალაძემ მედიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კონკრეტული ტელევიზიები ფსიქოლოგიურ ძალადობას ეწევიან. ასევე, მისი თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული.
"ყველა ის ადამიანი მკაცრად იქნება დასჯილი, ყველა დეტალი იქნება გამოძიებული, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი. პოლიცია, თუ დააკვირდებით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული.
გამოძიებას ვენდობი და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და ძალადობის წამახალისებელი ქმედებები, ან თუნდაც განცხადებები. ძალადობა მარტო ფიზიკური არაა, რომ მუშტი დაარტყა, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიებისგანაც ხდება," - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.