20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ადამიანები პარტნიორებს და მეგობრებს ხმის მიხედვით ირჩევენ - როგორი ტემბრი მიიჩნევა ყველაზე სექსუალურად

აქცენტი, ხმის ტემბრი, საუბრის მანერა - ეს ის კომპონენტებია, რომელიც ჩვენზე და ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე უდიდეს გავლენას ახდენს.

როგორც ჩანს, მეგობრების არჩევისას ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის აქცენტს და ტემბრს, ასე ირჩევენ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებსაც კი. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, "რატომ?" - პასუხი მარტივია, ჩვენი ხმის ტემბრი და საუბრის მანერა იმაზე მეტ ინფორმაციას ატარებს ჩვენზე, ვიდრე ამას საუბრით გადმოვცემთ, ან წარმოგვიდგენია.

"თანამოსაუბრესთან უშუალო კომუნიკაციისას, ჩვენ გავცემთ ინფორმაციას საკუთარ ბიოლოგიურ სტატუსზე, ასევე, საკუთარ სოციალურ და სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზეც. აგრეთვე, საუბრისას ინფორმაციას გავცემთ ჩვენივე მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. ადამიანების ხმებს შორის ძალიან ფაქიზი განსხვავებებია, ხოლო ხმის გაგების შემდეგ პიროვნებას წამის მეათედში უჩნდება მოსაუბრის მიმართ შთაბეჭდილება," - ამბობს ლინგვისტი მელისა ბარკატ დეფრადასი.

მრავალი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი ხმის ტემბრი და მანერაა ყველაზე ეფექტური საპირისპირო სქესზე, ან სასურველ ადამიანზე შთაბეჭდილების მოსახდენად. გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ ბოხი და ღრმა ხმის ტემბრი უფრო მეტ სიმპათიას იწვევს და მეტად პროდუქტიულ და კომპეტენტურ პირებად მიიჩნევიან. ადამიანის ქვეცნობიერი სწორედ იმ პიროვნებასთან ნახულობს საერთო ენას და უმეგობრდება, ვისი აქცენტი და ტემბრიც მისას შეესაბამება.

ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში პირდაპირ კავშირშია ბოხ და ღრმა ხმის ტემბრთან. რაც უფრო მაღალია ტესტოსტერონის დონე ორგანიზმში, მით ღრმა და ბოხია მამაკაცების ხმაც. ბიოლოგიურად კი ამ ჰორმონის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში პირდაპირ მიუთითებს მამაკაცის კარგ რეპროდუქციულ სისტემაზე. ეს ერთგვარი გასაღებია მამაკაცებისთვის ქალის გულისკენ, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ქალების საკეტს ერგება. აქედან გამომდინარე, კაცის ხმის ტემბრით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენად პროდუქტიულია ბიოლოგიური და მენტალური თვალსაზრისით. აგრეთვე, ბოხი ხმა მიუთითებს კაცის დომინანტურ პიროვნებასა და ლიდერობის სურვილზე.

დაახლოებით მსგავსი სისტემაა ქალების შემთხვევაშიც. რაც უფრო მაღალი ტონალობისაა ქალის ხმის ტემბრი, მით უფრო მიმზიდველია ის მამაკაცებისთვის, მაგრამ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქალების დაბალი ხმის ტემბრი უფრო და უფრო მეტი მამაკაცის მოხიბვლას ახერხებს. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველაზე მეტად ქალის ბოხი ხმა საფრანგეთში აღიქმება მიმზიდველად.

საბოლოოდ, ერთი რამის თქმა დანამდვილებითაა შესაძლებელი - ჩვენი ხმის ტემბრი დიდ გავლენას ახდენს ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებზე.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები