პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ 5-6 ივლისს ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე პირველ რიგში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო.
"TV პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადება, რომ პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს და მანამ, გაგრძელდება სანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება.
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის უმჯობესია დროულად გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი.
"ეს არის ერთის მხრივ, ქართული მედიის და ქართული საზოგადოების ერთობლივად და მეორეს მხრივ, არის მონიშვნა იმ ვითარების, რომელშიც მთელი ქვეყანა ვიმყოფებით. გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა, წინასაარჩევნოდ მათთვის ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი. არჩევანი ცუდსა და უარეს შემთხვევაში არის ხოლმე ხშირად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჯერჯერობით საქართველოა, სჯობს ნაკლებად ცუდი აარჩიონ და დროზე აიძულონ ღარიბაშვილი, რომ გადადგეს," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ტელეკომპანია ფორმულას" ჟურნალისტის ვახო სანაია ამბობს, რომ ისინი გარდაცვლილი კოლეგის უფლებების და ღირსების დასაცავად იბრძვიან, რომელსაც ყოველ დღე შეურაცხყოფენ.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ყველა მონაწილისა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ, ასევე დაისაჯონ ის პირები, ვინც გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ცემაში იღებდა მონაწილეობას. მათი მთავარი მოთხოვნა კი პრემიერის და შს მინისტრის გადადგომაა.