"რუსთავი 2-ის" და "TV პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდენენ, რაც მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა.
არცერთი ბრალდებული, საუბარია 66 წლის უშანგი დათუნაშვილზე, რომელიც "რუსთავი 2-ის" ოპერატორს დაესხა თავს და ასევე "TV პირველის" ოპერატორის თავდასხმაში მონაწილე ირაკლი წიგნაძე, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატები სხდომაზე ამბობენ, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებში, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ამტკიცებს.
საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, სადაც დაკავებულების ძალადობა მტკიცდება.
უშანგი დათუნაშვილის და ირაკლი წიგნაძის ჩათვლით, 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე 27 პირია დაკავებული. აქედან 23 ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმაშია ბრალდებული.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე