09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა

ალექსის ციპრასმა პრეზიდენტის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. კონსულტაციები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა მხოლოდ დეკლარაციაზე ხელმოწერით დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ალექსის ციპრასს კრედიტორებთან მოლაპარაკებებში. ასეთი სულ 5 პარტიაა. 

პრემიერისა და პრეზიდენტის კონსულტაციების შემდეგ თანამდებობა საბერძნეთის ფინანასთა მინისტრმა დატოვა. იანის ვარუფაკისმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროზონის ლიდერებისთვის ის მიუღებელი ფიგურა იყო მკაცრი კრიტიკის გამო და არ სურდა მისი მთავრობაში ყოფნით ახალი მოლაპარაკებებისთვის ხელი შეეშალა.

პოლიტიკური ლიდერების გარდა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციების პარალელურად, ალექსის ციპრასს სატელეფონო საუბრები ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან და ანგელა მერკელთან. რუსეთის პრეზიდენტმა ბერძენ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, გერმანიის კანცლერმა კი ხვალისთვის ოფიციალური ათენის ახალი წინადადებების მოსასმენად მზადყოფნა გამოთქვა. სავარაუდო მოთხოვნების ჩამონათვალში იქნება ვალების 30 პროცენტიანი შემცირება, რაც ბერძნების აზრით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშთან სრულ შესაბამისობაშია.

ისტორიული რეფერენდუმის შემდეგ ბუნდოვანი რჩება ქვეყნის და მოსახლეობის ბედიც. ბანკები სავარაუდოდ ამ კვირაშიც დახურული იქნება. რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო საუბარი ძველი ვალუტის, დრაჰმას დაბრუნებაზეც, თუმცა რიგით ბერძნებს ეს მძიმე ფინანსურ მდგომარეობას სერიოზულად ვერ შეუმსუბუქებს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, თამარ ბაღაშვილი.

 
დღის ამბები