09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბრიუსელში ევროზონის ლიდერები იკრიბებიან

ამ წუთებში ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო მეთაურები იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა საბერძნეთის კრიზისია. დღესვე ბრიუსელში ჩადის საბერძნეთის პრემიერმინისტრი, რომელიც ევროზონის ლიდერებს ვალთან დაკავშირებით ახალ წინადადებებს გააცნობს. სავარაუდოდ, გეგმაში შეტანილი იქნება ვალის 30 პროცენტით შემცირების მოთხოვნაც.

ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროზონის სახელმწიფო მეთაურები საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. დღეს საბერძნეთის კრიზისზე მსჯელობდნენ ევროპარლამენტშიც. სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა თავიდან უნდა აიცილონ.

"ველით წინადადებებს ბერძნული მხარისგან. იმედს გამოვთქვამთ, რომ კონკრეტულ ინიციატივებს ჩამოიტანენ და ვნახავთ რას შემოგვთავაზებენ," - განაცხადა ფინანსების საკითხებში ნიდერლანდის სახელმწიფო მდივანმა ერიკ ვიბესმა.

დღესვე სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის პლენარული სხდომა იმართება, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია.

"საბერძნეთის მთავრობა წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს. როდესაც ის უკვე მაგიდაზე იქნება, ბერძნულ მხარესთან ამ შემოთავაზებების საფუძველზე დიალოგი უნდა დაიწყოს. ჩემი პირადი აზრია, რომ საბერძნეთის გასვლა ევროზონიდან ევროპელების მიზანი არ არის,“ - განმარტა მარტინ შულცმა.

 
დღის ამბები