აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მშობლიურ სოფელში ჩავიდნენ და გიორგი ანწუხელძე გაიხსენეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.
მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს.