09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ბერძნები საგარეო ვალის 30%-ის ჩამოწერას ითხოვენ - ევროპა ფიქრობს

მთავარი მოთხოვნა, რომელსაც საბერძნეთი ევროკავშირს უყენებს, 320 მილიარდი ევროს ვალის 30 პროცენტით შემცირებაა.

ახალი გეგმა  ქვეყნის ახალმა ფინანსთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს დღეს გააცნო. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ დილამდე უნდა მიიღონ.  

ევროზონის წევრთა ნაწილი, კერძოდ გერმანია, საბერძნეთისთვის ვალების უპირობო ჩამოწერას ეწინააღმდეგება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლაა საჭირო.

„ახლა სრული პასუხისმგებლობა საბერძნეთს ეკისრება, რომელმაც ახალი გეგმა უნდა წარმოადგინოს. ევროპის არჩევანია, გამოიჩენს თუ არა სოლიდარობას და მისცემს მათ უშუალო დახმარების გრძელვადიან პერსპექტივას. საბერძნეთი საკითხს სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეს და წარმოადგინოს სანდო წინადადებები. ჩვენ ახლა მათ ველოდებით და ისინი უნდა იყვნენ კონკრეტულები საკუთარ შეთავაზებებში,“ - აცხადებს ფრანსუა ოლანდი.

საბერძნეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც დათქმულ ვადაში საერთაშორისო ვალი ვერ გაისტუმრა. ასევე ის პირველი სახელმწიფოა, რომელიც ევროზონის დატოვების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 
დღის ამბები