იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტლების გამოყენება თავიდან იქნას აცილებული, ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა რეგიონში ამოქმედდება ამცრელი პუნქტები, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.
თბილისში მასობრივი ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტშია გახსნილი, ვაქცინაციის პროცესს აქ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის თქმით, პროცესი თანდათან აქტიურდება და აღნიშნულ ცენტრში 4 დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი აიცრა. ჯავარა უგრეხელიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ვაქცინის თავისუფალი არჩევანი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.
"თავისუფალი არჩევანის საშუალება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ 4 დღის განმავლობაში 3000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა, დღეს დილიდან აქტივობა კიდევ უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა დღეებში," - განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა ზუგდიდშიც. ადგილობრივ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ამით ვაქცინაციის პროცესი სამეგრელოში კიდევ უფრო გააქტიურდება.