მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი - მიმალვის საფრთხით, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენით ხსნის ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნას, რომელიც დაკმაყოფილდა. ადვოკატები კი უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ 16 აგვისტოს ზურაბ ზვიადაურის ქმედება მხოლოდ აუცილებელი მოგერიება იყო.
დაცვის მხარე გასაჩივრებისთვის ემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან სტრასბურგშიც წავიდნენ. ამავე დროს ისინი იმედოვნებენ, რომ ზვიადაურს საკუთარი ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ. ამ შუამდგომლობით მოსამართლეს მათ უკვე მიმართეს.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით თელავის სასამართლომ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურსა და იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი. მათ მოსამართლეს სიტყვითაც მიმართეს, თუმცა მათი შეთავაზება სასამართლომ არ გაითვალისწინა. 16 აგვისტოს მომხდარი მოვლენები სხდომათა დარბაზში გაიხსენა ზურაბ ზვიადაურმა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.