09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
უკანასკნელი შანსი ოფიციალურ ათენს - ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას მიიღებს

ბრიუსელში ევროზონის ლიდერთა საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა- შეთანხმების მისაღებად მხარეებს ვადა კვირის ბოლომდე აქვთ.

ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის ხელისუფლებას კრიზისის მოგვარების ახალი გეგმის წარსადგენად ვადა ხვალამდე მისცეს.

მომდევნო 24 საათში ათენი ვალდებულია, გასატარებელი რეფორმების პროექტი და ახალი ფინანსური დახმარების შესახებ ოფიციალური განაცხადი მოამზადოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არსებულ სიტუაციას ევროზონის ისტორიაში ყველაზე კრიზისულ მომენტს უწოდებს.

"თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამან შესაძლოა საბერძნეთი გაკოტრებამდე, მისი საბანკო სისტემა კი ჩამოშლამდე მიიყვანოს,“- განაცხადა დონალდ ტუსკიმ. 

ევროკომისია საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებასაც არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ უწყების პრეზიდენტმა გააკეთა.

საბერძნეთის ახალ შეთავაზებებს ევროზონის ფინანსთა მინისტრები შაბათს განიხილავენ, მეორე დღეს კი ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სხდომა დაიგეგმა. შეხვედრა ორი ფორმატით ჩატარდება. ევროზონის სამიტის გარდა, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი 28–ვე ქვეყნის პირველი პირი შეიკრიბება.

საბერძნეთის ხელისუფლება ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის იმედს იტოვებს. პრემიერი ციპრასი ელის, რომ ახალი შეთანხმება ქვეყნისთვის ეკონომიურად მომგებიანი და სოციალურად სამართლიანი იქნება.

ათენის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი კვირას მიიღებს. მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, ორშაბათიდან ათენი გაკოტრებული ქვეყანა იქნება.

 

ავტორები: თამარ ნუცუბიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები