ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.
საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
naec.ge-ს ცნობით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29 362- მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა - სულ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში შევიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.