20 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - კორონავირუსის დელტა შტამი განსაკუთრებით რთულად ბავშვებსა და ორსულებში მიმდინარეობს

კორონავირუსის დელტა შტამი განსაკუთრებით რთულად ორსულებსა და ბავშვებში მიმდინარეობს. ათობით არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების საშუალოდ 10% ბავშვია, 100-იდან 5-ს კი კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროება.

სპეციალისტები რეკომენდაციას გასცემენ, რომ 1 წლამდე ბავშვების გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მიმართვიანობა გაზრდილია და ინტენსივობა არ კლებულობს. 

"ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 ბავშვი გადის მკურნალობას, აქედან 25 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში. რეანიმაციაში სამი პაციენტია განსაკუთრებულად საყურადღებო და მძიმე, აქედან ერთი არის 6 წლის ბავშვი, რომელიც 4 დღის წინ შემოვიდა გულყრის და კორონავირუსული ინფექციის გამო. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გაზრდილია ბოლო 1 თვეა მიმართვიანობა და არ იცვლება, პრაქტიკულად. ვწერთ პაციენტებს, მაგრამ, პარალელურად, შემოსვლაც გრძელდება,"- აცხადებს მაია ჩხაიძე. 

სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებული ფეხმძიმე კოვიდინფიცირებულებიც. ექიმების თქმით, თუ კორონავირუსის მიმდინარეობა რთულდება, ნაყოფს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

"ყველა ის პაციენტი, რომელიც დღევანდელი კორონას შტამითაა დაავადებული და არის ფეხმძიმედ, მეტნაკლებად ყველა საჭიროა, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. მხოლოდ ერთი პაციენტი არის ამ წუთას სუნთქვის აპარატზე. დადებითი წნევით ვეხმარებით სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებაში. მისი მდგომარეობა, ამ წუთისთვის, სტაბილურია.

დამტკიცებულია ასობით ათას გოგონაზე, პიროვნებაზე, რომ ამ ვაქცინას არანაირი სერიოზული პრობლემა არ აქვს, არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. ძალიან გთხოვთ, აიცერით,"- აცხადებენ ბოკერიას კლინიკაში. 

დღის ამბები