26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
სენაკში მომხდარ დანაშაულზე ახალი გამოძიება იწყება - 5 ადამიანს, მათ შორის ძმის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, შესაძლოა მუხლი შეუცვალონ

სენაკში მომხდარ დანაშაულზე ახალი გამოძიება იწყება - 5 ადამიანს, მათ შორის საკუთარი ძმის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, შესაძლოა მუხლი შეუცვალონ. ამის მიზეზი ის ჩვენებაა, რომელიც რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ, სასამართლოს მისმა ძმამ მისცა და ხელი სულ სხვა პირს დაადო.

დაზარალებულის განცხადებამ შესაძლოა ბრალდებული მძიმე სასჯელისგან იხსნას. ნუგზარ ნაროუშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას მის ძმას, ზაზა ნაროუშვილს ედავებიან. დაჭრილი მამაკაცი რამდენიმეთვიან დუმილს "კურიერთან" არღვევს. მისი მტკიცებით, სენაკში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს 16-ვე ტყვია დაპირისპირებული მხრიდან ესროლეს.

საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ, სენაკში, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. შემთხვევის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის ბრალდებულის ძმა. ის "კურიერთან" ინტერვიუში, ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სხეულიდან არა საფანტის, არამედ ნაგანის ტყვიები ამოუღეს, რაც ნაროუშვილის თქმით, მის ძმას საერთოდ არ ჰქონია.

ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, სენაკის პროკურატურამ ცალკე გამოძიება დაიწყო. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, საქმეში სხვა იარაღი გამოიკვეთოს და ახალი ბრალდებულებიც გაჩნდნენ. ეს მოლოდინი არ აქვთ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირებს, რომლებსაც ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ერთ-ერთი მათგანი კონფლიქტის სხვა მონაწილეების მხრიდან იარაღის გამოყენებას უარყოფს და ხელს განსასჯელის სკამზე მჯდომ ზაზა ნაროუშვილს ადებს.

მართლაც გამოიყენეს თუ არა ნაგანის ტიპის რევოლვერი დაპირისპირების დროს, ეს ახლადდაწყებულმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის ამბები