ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალი, "მიუ" შტამის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველა შტამისთვის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მიმდინარეობს დაკვირვება, გავრცელების რა ტიპი და ინტენსივობა ახასიათებს და განსაკუთრებით, რომელ ასაკობრივ ჯგუფს უქმნის საფრთხეს.
"თურქეთში რომ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ამით საშიშროებას დღეს საქართველოში ნამდვილად ვერ ვხედავ. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა შემდგომი შტამისთვის მზად. ამისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ქცევით ხასიათდება ეს შტამი, როგორი ინტენსივობა აქვს გავრცელების და ამას ვაკვირდებით კონკრეტულად.
სავარაუდო მოლოდინი, რაც არის კლინიკურ ნაწილში, არ იქნება რამე განსხვავებული მკურნალობა და შესაბამისად, აქაც მზად ვიქნებით. დავაკვირდებით და ვაკვირდებით იმას, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ეს მეტად უფრო რისკიანი, რაც მერე დამატებითი ღონისძიებების გატარებისკენ იქნება გარკვეული მანიშნებელი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.