ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის პირველი სასამართლო სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შალვა მელიქიშვილისთვის პატიმრობის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. მზარეული, რომელმაც ბანკში 13 მძევალი აიყვანა ამბობს, რომ მომხდარს ნანობს. მას იმედი აქვს, რომ ამ პოზიციას სასჯელის შეფარდების დროს გაითვალისწინებენ.
მიზეზი, რატომაც თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, გადაუხდელი იპოთეკური სესხი იყო. დაკავებული შალვა მელიქიშვილის ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა დღეს პირველად ისაუბრა დანაშაულის მოტივზე და უშუალოდ დაკავებულის პოზიციაზეც.
"აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მას არაფერი განუცხადებია, იცის, რომ დაპატიმრებით შედის საგამოძიებო ორგანოში. ბრალს აღიარებს. ბრალდებულის ჩვენება, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა იარაღთან და ფეთქებად ნივთიერებასთან დაკავშირებით, სხვა მეტი, ამ ეტაპზე, არ არის,"- განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დანარჩენ დეტალებზე სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 49 წლის შალვა მელიქიშვილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.