16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.

"აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.

აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობით შესაძლებელი გახდება კურორტზე გამავალი გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობისაგან თავის არიდება, რითაც მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული კურორტის უნიკალური ეკოლოგიური პირობები.

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება 210 მლიონი ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალ წელს აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი არსებული 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მლიონი ლარი იქნება,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დღის ამბები