16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"მინდა თეა წულუკიანს მივმართო, თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში" - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

მედიაში გავრცელებული ფარული ფაილები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მისვლას ითხოვს.  

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ მისი სუსში მუშაობის პერიოდში ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ყოფილა. 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თეა წულუკიანს მიმართავს.

"მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს არ ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ. მე მინდა თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში.

ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა," - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური ფლანგის ერთ-ერთ განაყოფზე გადაიტანა ისრები.

"2013 წლიდან დღემდე შეცვლილა ბევრი შინაგან საქმეთა მინისტრი, შეცვლილა პრემიერ-მინისტრი, შეცვლილა ბევრი სუს-ის უფროსი და სუს-ის უფროსის მოადგილეები, მაგრამ რაც არ შეცვლილა ეს არის "ქართული ოცნება" და რაც არ შეცვლილა ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ასე რომ პასუხისმგებლობის რომელიმე ჯგუფზე გადატანა არ გამოვა," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არანორმალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, სადაც გვისმენენ, გვითვალთვალებენ და გვაშანტაჟებენ.

"ჩვენ რა გვინდა ახლა, ვცხოვრობდეთ ისევ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ, მითუმეტეს უსმენენ ელჩებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სპეცსამსახური თავის საქმეს აკეთებს და აგენტურული ქსელის გამოვლენაზე მუშაობს მაგალითად და პოლიტიკას აქვს თავისი ადგილი, ხალხი მიდის არჩევნებზე და ნორმალურ თავისუფალ არჩევანს აკეთებს, ეს არის არჩევანი რაც უნდა გავაკეთოთ. არანორმალურია ის ვითარება რაშიც ვართ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები