25 ოქტომბერი 2021,   02:23
ვრცლად
კულტურის სამინისტრო ქართული სპორტის მუზეუმს აღადგენს

კულტურის მინისტრი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფილი სპორტის მუზეუმის კუთვნილი ფონდების დასათვალიერებლად იმყოფებოდა.

თეა წულუკიანმა ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მუზეუმის ფონდების მდგომარეობას გაეცნო. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, რომელსაც სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

დღის ამბები