25 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში - ევროკავშირმა და ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყეს

ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში - ევროკავშირმა, გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის ერთ-ერთია სოფელ ქვემო მუხროვანის ამბულატორია, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მაქლიმ დაათვალიერა.

"პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს COVID -19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვასა და ხელშეწყობას, ჯანდაცვის ძირითად სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემაზე მზარდი ტვირთის შემცირებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით.

ევროკავშირის და გაეროს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება ძირითადი აპარატურით აღიჭურვება, დამატებით კი 50 დაწესებულება უკვე აღიჭურვა ტელემედიცინის აპარატურით. სიახლე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს, ბავშვებისათვის კი რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.

პროექტის ბიუჯეტი 4,7 მილიონი ევროა და ევროკავშირის (EU), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით ხორციელდება," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დღის ამბები