20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
სტიქია გურიაში - მეწყერის ჩამოწოლის გამო 35-ზე მეტი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

გურიაში უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის სოფელ ნატანებში, რის შედეგადაც გარესამყაროს 35-ზე მეტი ოჯახი მოსწყდა. დაზარალდნენ ლანჩხუთშიც - განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაშია. ძლიერი წვიმის გამო გზები სოფელ ომფარეთსა და ხორეთში დაზიანდა. მოსახლეობას ქალაქში ჩასასვლელად ალტერნატიული და რთული გზის გავლა უწევს.

"წუხელ მთელი ღამით ფეხზე იდგა ხალხი, პრობლემაა, ვერ გადის მოსახლეობა, თუკი სადმე წასვლა უნდა, ვერ მიდის. ახლა ისეთი პერიოდია, ყველა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ვინმეს რომ დასჭირდეს, სასწრაფოც ვერ ამოვა, ვერაფერი ვერ ამოვა, ვინ გაბედავს წამოსვლას,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება ალტერნატიული გზის მოსაძებნად და მოსაწესრიგებლად.

"გეოლოგიური დასკვნა სჭირდება, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. ჩვენ რაც შეგვიძლია, თუკი შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზა სოფელ შრომიდან, თუკი შეიძლება მოწესრიგება, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და მოვაგვარებთ,"- აცხადებს ბიძინა იმნაიშვილი.

დღის ამბები