ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაზიანდა გზები, რის გამოც გადაადგილების კუთხით პრობლემები შეიქმნა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგება:
"საავტომობილო გზებზე შეფერხებებია 10 მიმართულებით, ჩართულია 7 ერთეული ტექნიკა. ამ მიმართულებებიდან ნაწილი დაკეტილია, ნაწილი არის შეზღუდული. დღის ბოლომდე, თუ ახალი მეწყრული პროცესები არ განვითარდა, სავარაუდოდ, ყველა მიმართულებით მოძრაობა იქნება აღდგენილი."
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება გეოლოგიური სამსახურის მომზადებული დასკვნის მიხედვით განისაზღვრება.
"გაყვანილია 15 ოჯახი უსაფრთხო ადგილას. ყველა შემთხვევაზე, რომელიც განვითარებულია ძირითადად საცხოვრებელ სახლთან და მისასვლელ გზებზე, პირველივე შესაძლებლობისთანავე იმუშავებს გეოლოგიური სამსახური. მომზადებული დასკვნის მიხედვით განისაზღვრება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება,"- აცხადებს ქობულეთის მერი.