თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.
როგორც კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.
ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია,"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.