16 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
საქართველოს გადაწყვეტილება გახდეს NATO-ს წევრი ძლიერია და განმტკიცებულია ქვეყნის უზენაესი კანონით - თავდაცვის მინისტრი

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნენ.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, NATO-ს​ა და საქართველოს პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა. 

"რუსეთის მხრიდან მომდინარე პერმანენტული საფრთხე საქართველოს 2 ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მუდმივი პროვოკაციები სამეზობლოში და უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში რჩება გამოწვევად საქართველოსთვის და ალიანსისთვის. ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველოს მუდმივად არის სანდო უსაფრთხოების მიმწოდებელი, ნატოს მხარდამხარ ავღანეთში 2004 წლიდან და პარტნიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ თქვენი განსაცვიფრებელი ძალისხმევისთვის და მინდა გავიზიარო თქვენი მწუხარება დაღუპული 32 სამხედრო მოსამსახურის გამო, ასევე ბრძოლის ველზე დაჭრილი 435 სამხედროს მოსამსახურის მიმართ," - აღნიშნა ადმირალმა, რობ ბაუერმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება გახდეს NATO-ს წევრი ძლიერია და განმტკიცებულია ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით.

"სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ NATO-ს ურყევ მხარდაჭერას.NATO-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო NATO-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გაგვამხნევა შეერთებულ შტატებში გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის ახლახანს გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არცერთ მესამე მხარეს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კიდევ ერთხელ გამოხატა მოკავშირეების მხარდაჭერა საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს გადაწყვეტილება გახდეს NATO-ს წევრი ძლიერია და განმტკიცებულია ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით. აქვს საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების უმრავლესობითა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის სურვილით. 

საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, მისი იდენტობით, ევროპული ცივილიზაციის, გეოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის და დემოკრატიული ღირებულებებით სრულად იზიარებს და პატივს სცემს ალიანსის ფუძემდებლურ პრინციპებს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ძლიერი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

დღის ამბები