ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ მცირეწლოვანს ამ ეტაპზე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება.
ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური. მას აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. შესაბამისად, ჩაუტარდა დახმარება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ.
არ არის მძიმე დაზიანებები. ჩაუტარდა შესაბამისი ტრამვატოლოგიური დახმარება. ჩაუტარდა ყველა ანალიზი, რომელიც საჭირო იყო, როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული. სხვა პათოლოგიური გადახრები ანალიზებში არ აღენიშნება," - განაცხადა თამარ ბახტაძემ "დღის კურიერთან" საუბრისას.
მისი თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილი სხვა არასრულწლოვანი მათ კლინიკაში არ შემოუყვანიათ.