შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.
"მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, თუ რამ გამოიწვია ეს ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან ჩავარდნილი.
ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ, ერთდროულად, 100-მა და 200-მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა ერთმანეთს ცვლიან. მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მერია და მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დაშავებულების გამოყვანა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, არ გამოდის უფრო სწრაფად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.