ხმაური ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში ოპოზიციის მისვლას მოჰყვა, სადაც კომისიის თავმჯდომარე მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება და მათმა წარმომადგენელმა დაინახა, თუ როგორ გახსნეს მეოთხე ოლქის დალუქული ბიულეტენები წინასწარ. ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს საოლქო კომისიაში.
სიტუაცია მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარის კაბინეტთან დაიძაბა. ოპოზიციონერ ლიდერებს განმარტებების მოსმენა პირადად კომისიის თავმჯდომარისგან სურდათ. რამდენიმეწუთიანი ხმაურის შემდეგ ვითარება პოლიციის ჩარევით და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შენობიდან გაყვანით განიმუხტა.
დაგეგმილი ბრიფინგი მედიისთვის რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩატარდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მომხდარ ინციდენტს მასზე ზეწოლა უწოდა და განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა ზუგდიდში უბნების ხელახალი გადათვლა.
13-მა ხმამ "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დააკარგვინა. შედეგი, რომელიც მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ დადგა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. ხელახლა დათვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა "ქართული ოცნების" კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა. საკითხს კომისიის სხდომაზე გუშინ, გვიან ღამემდე, დაპირისპირების ფონზე იხილავდნენ.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს დღეს კონკურენტის ნაცვლად მისმა შვილმა უპასუხა. ნიკა მელია, რომელიც ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩავიდა, ამტკიცებს, რომ მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგები ხელოვნურად გასაჩივრდა და რომ მიზანი "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკრებულოს უმრავლესობის ჩამორთმევა იყო. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ხმების დაცვა აქციითაც დააანონსა, თუმცა მანამდე შესაბამისი სარჩელი პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურაში შეიტანეს.
საარჩევნო პროცესების ჩაშლასა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლაში ოპონენტებს ადანაშაულებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რომ უბნები მათი კანდიდატის საფუძვლიანი მოთხოვნით გადაითვალეს. ოპონენტების მსგავსად სამართალდამცავ უწყებას დღეს სახელისუფლო პარტიის წევრებმაც მიმართეს, მიზეზი არჩევნების დღეს ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ხმის დათვლის პროცესში გადაღებული ვიდეოა, რომელშიც მათი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბიულეტენებს იპარავს.
არსებული მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში 45 მანდატიდან 22 "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, 19 "ქართულ ოცნებას", 3 "გახარია - საქართველოსთვის". დარჩენილი 1 მანდატის კუთვნილების საკითხი კი მეორე ტურში გადაწყდება.