20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, სარდაფში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, არც საძირკველთან ჰქონდა შეხება - ბათუმში ბინის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს დღის ბოლომდე ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც წინასწარი პატიმრობის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

დაკავებულებს, მათ შორის, ბინის მესაკუთრეს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სართულის საცხოვრებელი ფართის სარდაფთან გაერთიანება სურდა, ნორმების უხეშ დარღვევას ედავებიან, რამაც საბოლოოდ ადამიანების სიკვდილი და ქონების განადგურება გამოიწვია.

ბინის მეპატრონის ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვს მხოლოდ ორი ბინის გაერთიანება სურდა, სარდაფსა და საძირკველთან კი არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. 

"პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა, საძირკველთან შემხებლობა არასოდეს არ ჰქონია - ამას ექსპერტიზაც დაადგენს და მუშების ჩვენებებითაც დადგინდება. თავად ერთ-ერთი დაზარალებული სარემონტო სამუშაოების თვითმხილველია და ხედავდა, საყრდენ კედელთან რომ არ მიმდინარეობდა, ერთ-ერთი დაზარალებულისთვის არის ეს ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია. ის არის გაურკვეველ სიტუაციაში თვითონ ამბობს, რომ მე არ ვარ მშენებელი, მე ვთხოვე კომპეტენტურ პირებს დახმარება, მათი კონსულტაციების ქვეშ კეთდებოდა ყველა სამუშაო,"-აცხადებს ადვოკატი. 

პარალელურად, გამოძიება სხვა პირთა პასუხისმგებლობის გამოკვეთის საკითხზეც მუშაობს. რაც შეეხება 26 მაისის ქუჩაზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

დღის ამბები