ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას სპეციალისტები სწავლობენ.
რაც შეეხება უშუალოდ 7 სართულიანი ნაგებობის ნგრევის ფაქტს მშენებლები და არქიტექტორები გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
დღეს ამ თემაზე მენაშენეთა ასოციაციის თავჯდომარემ და არქიტექტორებმა თბილისში ისაუბრეს.
"შემთხვევა ერთდროულად რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, ეს არ არის ერთი ცალკე აღებული მიზეზი. შეცდომების ერთობლიობაა დაშვებული. ერთ-ერთი ძირითადი ალბათ მაინც არის ის, რომ შენობის მდგრადობა შეარყიეს, შეეხნენ მისი კონსტრუქციის ნაწილს, ეს სამუშაოები აწარმოა არასპეციალისტებმა, არაკვალიფიციურმა მუშებმა. კედლის აღება თუ უნდა, მეპატრონე ვალდებული იყო, პროექტი გაეკეთებინა და შეეთანხმებინა,"- განაცხადა არქიტექტორმა ნიკოლოზ აბაშიძე.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს საზოგადოების დაუდევრობის შედეგს მიაწერს.
"100%-ით არის ჩვენი საზოგადოების დაუდევრობის, უპასუხისმგებლობის უვიცობის, კანონის და წესების უგულებელყოფის შედეგია რაც მივიღეთ. თეთრ მანქანასთან კაცი, რომ იდგა და იქ პირდაპირ ჩანდა, რომ ქვედა სართულზე მოხდა გადახურვის ფილის ჩავარდნა და ამან გამოიწვია ე.წ დაპრესვა კედლების, ბათქაშიც კი აიყარა, ანუ ცალსახად საყრდენი კედელი არის გამოცლილი შუა ნაწილში,"- განმარტავს საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.